საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველ და პოლონელ იურისტთა ასოციაციის დაფუძნება

თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (ფრანქფურტ ოდერი) თანამშრომლობის ფარგლებში ქართველ და პოლონელ იურისტთა ასოციაცია დაფუძნდა.

 

ასოციაციის დაფუძნების ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის 5 მარტს უმასპინძლა.

 

შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა, ქართველ და პოლონელ იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა საქართველოს მხრიდან პროფესორმა გიორგი ხუბუამ და ამავე ასოციაციის პრეზიდენტმა პოლონეთის მხრიდან, პროფესორმა არკადიუშ ვუდარსკიმ. ასევე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ასოციაციის თანადამფუძნებელმა, დოქტორმა პაველ შიკორამ.

 

თსუ რექტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ქართულ-პოლონური პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამით ორი ქვეყნის საგანმანათლებლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ აკადემიური ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთგაცვლის მიმართულებით ასოციაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა აღნიშნული ასოციაციის დაფუძნების იდეის ავტორებს პროფესორ გიორგი ხუბუასა და პროფესორ არკადიუშ ვუდარსკის.

 

ქართველ და პოლონელ იურისტთა ასოციაციის დაფუძნების ინიციატივა პროფესორ გიორგი ხუბუასა და პროფესორ არკადიუშ ვუდარსკის ეკუთვნით, რომლებმაც მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრეს პოლონური და ქართული პროფესიული წრეების მეგობრულ ურთიერთობასა და მრავალწლიან თანამშრომლობაზე, ხოლო ქართულ-პოლონური იურისტთა ასოციაცია უფრო დააახლოებს ორივე ქვეყნის იურისტებს და სამართლის მეცნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური წრის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

 

 

თარიღი: 05/04/2023